შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, "კოვიდ 19"-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების შესაბამისად, დედაქალაქში მეტროსადგურების მონიტორინგს აქტიურ რეჟიმში განაგრძობენ.
პატრულ-ინსპექტორები მობილიზებული არიან თბილისში არსებულ ყველა მეტროსადგურთან და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მეტროსადგურში შემსვლელი პირების მიერ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქმედი წესების დაცვას და პირბადეების სწორად ტარებას აკონტროლებენ. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დადგენილი წესებისა და რეკომენდაციების დაცვის მონიტორინგს მეტროსადგურების შიდა ტერიტორიაზეც ახორციელებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან სოციალური დისტანცია, სწორად ატარონ პირბადე და დაემორჩილონ პოლიციელთა მითითებებს.